Onion Browser iOS-ზე iOS-ზე Linux-ზე Linux-ზე MacOS-ზე Windows-ზე

მითითებები, როგორ ინახულოთ Onion Launchpad შეზღუდვის მიუხედავად

მიუწვდომელია service-url.website? ამ გვერდზე ვრცლადაა აღწერილი, როგორ აარიდოთ თავი ცენზურას.

ცენზურის არიდება Tor-ით

Tor იძლევა ინტერნეტში ვინაობის გაუმხელად მოგზაურობის საშუალებას, ეხმარება ხალხს, აირიდოს ცენზურა და თვალთვალი. Tor-ბრაუზერი ზუსტად ისევე გამოიყენება, როგორც სხვა ბრაუზერები - Chrome, Firefox, Safari, Yandex - ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ ქსელში თქვენი საქმიანობა ხილული დატოვოს ინტერნეტის მომწოდებლისა და თქვენი კავშირის სხვა მიმყურადებლებისთვის, იგი ფარავს მიმოცვლილ მონაცემებს დაშიფვრითა და გადამისამართებით მოხალისეების მიერ გაშვებულ სამ შემთხვევით კვანძზე (ამ კვანძებს „გადამცემებსაც“ უწოდებენ). შედეგად, დაუდგენელი რჩება, თუ ვინ ხართ, საიდან ხართ და საით მიემართებით (ანუ რომელ ვებსაიტებს ეწვევით).

Tor-ს იყენებენ უფლებადამცველები, აქტივისტები და ყველა ის ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომელთაც სურთ ცენზურისა და თვალთვალისგან თავის დაღწევა. ვრცლად Tor-ისა და მისი მუშაობის შესახებ იხილეთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელოში.

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერი

Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის მეტად უსაფრთხო და უმარტივესი გზაა, ეწვიოთ Tor-პროექტის ოფიციალურ ვებსაიტს. თქვენი საოპერაციო სისტემის შესაფერისი Tor-ბრაუზერი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მოცემული ბმულიდან:

ვერ ახერხებთ Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვას?

არის შემთხვევები, როცა Tor-პროექტის ვებსაიტი მიუწვდომელია: მაგალითად, შესაძლოა, თქვენს ქსელში იყოს შეზღუდული. ასეთ შემთხვევაში, სანაცვლოდ გამოგადგებათ ქვემოთ მოცემული ხერხებიდან რომელიმე.

სათადარიგო წყაროები

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერი რომელიმე სათადარიგო წყაროდან:

GetTor

თუ სათადარიგო საიტებზე შესვლაც იზღუდება, Tor-ბრაუზერის მოთხოვნისთვის გამოგადგებათ GetTor. GetTor წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც წერილის საპასუხოდ თავადვე გამოგზავნის Tor-ბრაუზერის უახლესი ვერსიის ჩამოსატვირთ ბმულებს, განთავსებულს სხვადასხვა საიტზე, როგორებიცაა Dropbox, Google Drive და GitHub:

  • ნაბიჯი 1: გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე gettor@torproject.org და წერილის ტექსტად ჩაწერეთ „windows“, „osx“ ან „linux“ (ბრჭყალების გარეშე), თქვენი საოპერაციო სისტემის მიხედვით. ამასთანავე, შეგიძლიათ დაურთოთ ენის კოდი Tor-ბრაუზერის ინგლისურისგან განსხვავებულ ენაზე მისაღებად. მაგალითად, თუ გსურთ ქართული Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვა Windows-ისთვის, გაგზავნეთ მისამართზე gettor@torproject.org წერილი სიტყვებით „windows ka“.

  • ნაბიჯი 2: GetTor გიპასუხებთ ელფოსტაზე ბმულებით, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის კრებული, დაშიფვრის ხელმოწერა (ნამდვილობის გადასამოწმებლად), გასაღების ანაბეჭდი, ამ ხელმოწერის შესაქმნელად გამოყენებული და კრებულის სადარჯამი. შეიძლება ასარჩევი იყოს „32-ბიტიანი“ ან „64-ბიტიანი“ პროგრამა: ეს დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის სახეობაზე.

აგრეთვე, ცნობარსა და სხვა სასარგებლო მასალებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სათადარიგო ბმულებით:

ნაბიჯი 2: დაუკავშირდით Tor-ს

Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას იხილავთ Tor-თან დაკავშირების ფანჯარას. იგი გთავაზობთ არჩევანს, პირდაპირ მიუერთდეთ Tor-ქსელს, თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. იქვე იქნება მოსანიშნი უჯრა, თუ გსურთ, რომ ყოველ ჯერზე თავადვე დაუკავშირდეს Tor-ქსელს, მაშინ მონიშნეთ იგი.

გვერდების მონახულება Tor-ბრაუზერით უნდა შეგეძლოთ გაშვებიდან მცირე ხანში „დაკავშირების“ ღილაკზე დაწკაპებით, თუ პირველად რთავთ პროგრამას.

ვერ ახერხებთ Tor-თან დაკავშირებას?

ზოგჯერ, პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ. Tor-ბრაუზერს მოჰყვება ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. ასეთ შემთხვევებში საკმარისი იქნება კავშირის გამართვა ხიდის მეშვეობით. ხიდები იგივე ფარული გადამცემებია, რომელთა აღმოჩენა და შეზღუდვა მეტად ძნელია.

მითითებები კომპიუტერზე ხიდების ასამოქმედებლად:

კომპიუტერის Tor-ბრაუზერში ხიდის გამოსაყენებლად იხილეთ: პარამეტრები > დაკავშირება > გადამცემი ხიდები > ჩაშენებული ხიდის გამოყენება. 2021 წლის 22 დეკემბრიდან, Tor-ბრაუზერში პირდაპირ ჩაშენებული ხიდები შეიზღუდა რუსეთში.

შესაბამისად, ხიდის მოთხოვნა მოგიწევთ ქვემოთ მოცემული რომელიმე ხერხით, მათ შორის შეგიძლიათ:

  • კომპიუტერის Tor-ბრაუზერიდანვე: პარამეტრები > დაკავშირება > ხიდები > გადამცემი ხიდის მოთხოვნა საიტიდან torproject.org > გაიარეთ CAPTCHA
  • გაგზავნოთ „/bridges“ საგანგებო Telegram-არხზე @GetBridgesBot და მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: პარამეტრები > დაკავშირება > გადამცემი ხიდები > უკვე ნაცნობი ხიდის შეყვანა
  • ეწვიოთ https://bridges.torproject.org/ საიტს და მიჰყვეთ მითითებებს
  • მოითხოვოთ ხიდი ელფოსტით: bridges@torproject.org მისამართიდან Gmail-ის ან Riseup-ის გამოყენებით; შემდეგ კი მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: პარამეტრები > დაკავშირება > გადამცემი ხიდები > უკვე ნაცნობი ხიდის შეყვანა
  • კავშირის შუამავლად გამოიყენოთ Snowflake, პირდაპირ Tor-ბრაუზერიდანვე: პარამეტრები > დაკავშირება > გადამცემი ხიდები > ჩაშენებული ხიდის მითითება > Snowflake

მითითებები Android-ზე ხიდების ასამოქმედებლად:

Android-ზე გადამცემი ხიდით სარგებლობისთვის შეეხეთ: პარამეტრების ხატულას > ხიდის გამართვა > ხიდის გამოყენება.

თუ უშუალოდ Tor-ბრაუზერში ჩაშენებული ხიდები შეზღუდულია, მოგიწევთ ხიდის მოთხოვნა რომელიმე მოცემული ხერხით, მათ შორის შეგიძლიათ:

  • გაგზავნოთ „/bridges“ საგანგებო Telegram-არხზე @GetBridgesBot და მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: ხიდის გამართვა > ნაცნობი ხიდის მითითება
  • ეწვიოთ https://bridges.torproject.org/ საიტს და მიჰყვეთ მითითებებს
  • მოითხოვოთ ხიდი ელფოსტით: bridges@torproject.org მისამართიდან Gmail-ის ან Riseup-ის გამოყენებით; შემდეგ კი მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: ხიდის გამართვა > ნაცნობი ხიდის მითითება
  • კავშირის შუამავლად გამოიყენოთ Snowflake, პირდაპირ Tor-ბრაუზერიდანვე: ხიდის გამართვა > Snowflake

მითითებები iOS-ზე ხიდების ასამოქმედებლად:

iOS-ზე გადამცემი ხიდით სარგებლობისთვის შეეხეთ: Onion-ხატულას რომელიმე გვერდის მონახულებისას > ხიდის გამართვა.

თუ უშუალოდ Tor-ბრაუზერში ჩაშენებული ხიდები შეზღუდულია, მოგიწევთ ხიდის მოთხოვნა რომელიმე მოცემული ხერხით, მათ შორის შეგიძლიათ:

  • გაგზავნოთ „/bridges“ საგანგებო Telegram-არხზე @GetBridgesBot და მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: ხიდის გამართვა > მითითებული ხიდები
  • ეწვიოთ https://bridges.torproject.org/ საიტს და მიჰყვეთ მითითებებს
  • მოითხოვოთ ხიდი ელფოსტით: bridges@torproject.org მისამართიდან Gmail-ის ან Riseup-ის გამოყენებით; შემდეგ კი მიღებული მონაცემები ხელით ჩაამატოთ Tor-ბრაუზერში: ხიდის გამართვა > მითითებული ხიდები
  • კავშირის შუამავლად გამოიყენოთ Snowflake, პირდაპირ Tor-ბრაუზერიდანვე: ხიდის გამართვა > Snowflake

ნაბიჯი 3: ეწვიეთ Onion-მომსახურებას

Onion-მომსახურებები (ცნობილი, როგორც DarkNet ანუ „ჩრდილოვანი ქსელი“) არის მომსახურებები (იგივე საიტები), რომლებიც მხოლოდ Tor-ქსელის შიგნითაა ხელმისაწვდომი. მსგავსად ჩვეულებრივი საიტებისა, წინასწარ უნდა იცოდეთ Onion-მომსახურების მისამართი მასთან წვდომისთვის. Onion-მისამართი შედგება შემთხვევით შერჩეული 56 ასონიშნისა და ციფრისგან დაბოლოებით „.onion“. ვრცლად Onion-მომსახურების შესახებ იხილეთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელო.

თუ გსურთ, ინახულოთ Onion Launchpad გვერდი Onion-მომსახურებით, აიღეთ მოცემული ბმულის ასლი და ჩასვით Tor-ბრაუზერში: